„კეთილი და პატიოსანი“ – ასე ჰქვია პროდუქტს, რომელიც უკვე ლონდონის ბაზარზე რეალიზდება. ეს არის სასმელი, რომელიც ხილისა და ბოსტნეულის ნაზავს წარმოადგენს, მზადდება შაქრის გარეშე და არ შეიცავს მავნე დანამატებს.
დეტალებზე „თბილისი თაიმსს“ კომპანიის დირექტორი, გიორგი ახალაძე ესაუბრა.
„ჩვენი წარმოება გახლავთ გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში განლაგებული. დავიწყეთ სამაცივრე მეურნეობით. 2017 წელს დავიწყეთ პიურეების წარმოება სხვადასხვა ხილისგან: ატამი, ვაშლატამა, ვაშლი, ქლიავი, ტყემალი, ფეიხოა, კივი, მარწყვი… შემდეგ, უკვე 2020 წელს, ბრენდით „კეთილი და პატიოსანი“, ვაწარმოებთ სხვადასხვა პიურეს ნარევს და, ფაქტობრივად, ეს არის ახალი კატეგორია – გამოგვივიდა დასალევი ხილბოსტნეული.
თითქმის მინიმალურ დონეზეა გამოყენებული წყალი, საერთოდ არ ვიყენებთ შაქარსა და ხელოვნურ დანამატებს“, – აღნიშნავს რესპონდენტი.
გიორგი ახალაძის თქმით, პროდუქტის ქართულ ბაზარზე რეალიზების პარალელურად, დაიწყეს უცხოური ბაზრების შესწავლა საკუთარი პროდუქციის განსათავსებლად.
„აღნიშნული პროდუქტი საქართველოს ბაზარზე გამოვუშვით. წარმოდგენილები ვართ სხვადასხვა ქსელში. პარალელურად, დავიწყეთ ძებნა საექსპორტო ბაზრების. პანდემიამ, ასე თუ ისე, ხელი შეგვიშალა. ვერ მოვხვდით გამოფენებზე, რომლებიც დაგეგმილი იყო. მაგალითად, ბირმინგემის გამოფენა ორჯერ გადაიდო, ვერ მოვხვდით ასევე დუბაიში. იქამდე, ჩინეთში ყოფნა მოვასწარით“, – განმარტა მან და ისაუბრა, როგორ მოხცდა ლონდონის ბაზარზე „კეთილი და პატიოსანი“-ს წარმოება.
„ლონდონში არის „ქართული სახლი“. მან გადაწყვიტა, ხელი შეეწყო ჩვენი, ქართული პროდუქციის ექსპორტისთვის. ერთერთი პროდუქტი, რაც დეგუსტაციისთვის წაიღეს, იყო ჩვენი ნაწარმი.
ამის შემდეგ, ხელი მოვაწერეთ კონტრაქტს დისტრიბუციასთან დაკავშირებით და უკვე პირველი პარტია გავიდა სხვადასხვა მაღაზიაში.
გარდა ამისა, ყატარში მივიღეთ მონაწილეობა ქართული პროდუქციის გამოფენაში. იქ საელჩომ ძალიან კაეგად იმუშავა. გარკვეული რაოდენობა იქაც გავგზავნეთ და ველოდებით ახალი შეკვეთის განთავსებას“, – განაცხადა კომოანიის დირექტორმა „თბილისი თაიმსთან“ საუბრისას.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ