https://www.ttimes.ge/archives/129928

პოპორელი – ასე ჰქვია სიახლეს, რომელსაც საკუთარ მომხმარებელს „ქართული აგროპროდუქტი“ სთავაზობს. ამ სახელწოდების ქვეშ ერთიანდება  ქართული ტრადიციული სოუსები და საწებლები, რისთვისაც მოეწყო ეთნო-კულინარიული ექსპედიცია, მთელი საქართველოს მასშტაბით. აღნიშნულ სიახლესა და გამოწვევებზე, „თბილისი თაიმსს“ „ქართული აგროპროდუქტის“ მარკეტინგის მენეჯერი, ნინი ბაშარული ესაუბრა.

რამდენი ხანია, რაც „ქართული აგროპროდუქტი“ საქართველოს ბაზარზეა?

შპს “ქართული აგროპროდუქტის” ისტორია შპს “ქართული ხილის კომპანიის” შექმნით იწყება. ჩვენმა გუნდმა გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში 2013 წლის ივნისში დაიწყო საქმიანობა. მთავარი იდეა ქართული ხილის ექსპორტზე გატანა და ამით სოფლისმეურნებოაში დასაქმებული ადამიანებისათვის დამატებითი სტიმულის შექმნა იყო. მუშაობის პროცესში ჩვენ დავინახეთ, რომ მოწეული ხილის საკმაოდ დიდი ნაწილი არასტანდარტულია, დაკარგული აქვს სასაქონლო სახე და ცოცხლად მოხმარებისათვის არ არის მიმზიდველი. ამასთანავე, მოწეული ხილის მალფუჭებადობის გამოც იქმნებოდა პრობლემები და შედეგად საკმაოდ დიდი რაოდენობის პროდუქტის გადაყრა გვიწევდა. 2017 წელს, პირველად საქართველოში, დავამონტაჟეთ ხილ-ბოსტნეულის პიურეს საწარმოო დანადგარი, ხოლო 2018 წლიდან დავიწყეთ დასალევი ხილ-ბოსტნეულის წარმოება, კეთილი და პატიოსანის ბრენდის ქვეშ.

ამ მიმართულებით, როგორ შეაფასებთ კონკურენციას?

ჩვენ ერთი პრინციპით ვმოქმედებთ, რაც უფრო დიდია კონკურენცია, მით უფრო ვიწრო უნდა იყოს ფოკუსი. ამ ეტაპზე, პირველ ყოვლისა, ვფოკუსირდით ბაზარზე არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

ამ ეტაპზე, რა სიახლეებს სთავაზობთ მომხმარებლებს?

ჩვენი კომპანიის გუნდი თავისუფალ და უშიშარ ადამიანებს აერთიანებს, ამიტომაც გვიყვარს სიახლეები. ცოტა ხნის წინ ბაზარზე გამოჩნდა ჩვენი ახალი ბრენდი „პოპორელი“ (მეგრული სიტყვა – ქორფა, აყვავებული, ადიდებული, აფეთქებული). პოპორელი ეს არის  – ერთადერთი გემრიელი ქართული სოუსის და საწებლის ბრენდი, რომლითაც გემოებს ყოველდღე კეთილხმოვნად აამღერებ. „პოპორელის“ შექმნას კი წინ უსწრებდა ეთნოგრაფიული კვლევა საქართველოს რეგიონებში, ჩვენ მოვაგროვეთ და ჩავიწერეთ მივიწყებული, ბევრისთვის აქამდე გაუგონარი რეცეპტები, რომლებიც უკვე გადმოვიტანეთ წარმოებაში. ამასთანავე, ჩვენ არ ვღალატობთ ჩვენი კომპანიის დიად იდეას – „ არ ავნო” და როგორც დასალევი ხილ-ბოსტნეული, „კეთილი და პატიოსანი“, არ შეცავს შაქარსა და ხელოვნურ დანამატებს, ისე „პოპორელის“ წარმოების პროცესშიც უარი ვთქვით ყველაფერ არაბუნებრივზე.

სიახლეებს ისევ ბაზარი და ადამიანების საჭიროებები გვკარნახობენ ხოლმე, მაგრამ ვიტყოდი, რომ სულ სიახლეებში ვართ. ცოტა ხნის წინ „კეთილი და პატიოსანი“ საფრანგეთის ბაზარზე გამოჩნდა Bon&Bien- ის ბრენდის სახელით.