https://bm.ge/news/reachnewmarkets-gza-chumlayidan-niu-iorkamde-qartuli-agroproduqtis-istoria
თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი რამდენიმე საწარმო, მაღალტექნოლოგიური დანადგარები და საქმიანი ფუსფუსი – ამ ყველაფერს კომპანია “ქართული აგროპროდუქტი” 10 წელია აერთიანებს.
2013 წელს სამაცივრე მეურნეობა USAID-ის დახმარებით შექმნეს, ააშენეს პირველი საწარმო და ადგილობრივი ფერმერებისგან მიღებული ხილის გადამუშავებაც დაიწყეს. მალევე გადამუშავებული ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორები გახდნენ. 2017 წლიდან უკვე ხილფაფების წარმოებაც დაიწყეს. 2020 წელს კი, “კეთილი და პატიოსანის” ბრენდის ქვეშ ახალი პროდუქტი, დასალევი ხილ-ბოსტნეული შექმნეს.
“ეს [დასალევი ხილ-ბოსტნეული] არის ჩვენ მიერ წარმოებული პიურეების მიქსი. აქ თქვენ შეხვდებით სტაფილოს, ატამს, ვაშლს, ქლიავს და ა.შ. პროდუქტი უნიკალურია, რადგან შაქრის დანამატის გარეშე მზადდება. მსოფლიოში თითზე ჩამოსათვლელია მსგავსი პროდუქტი”, – აცხადებს “ქართული აგროპროდუქტის” მმართველი პარტნიორი, სოსო მანჯავიძე.
საწარმოს წლიური წარმადობა ამჟამად 15 მილიონი ბოთლია, საიდანაც ადგილობრივად მხოლოდ 30%-ი იყიდება, დანარჩენი 70%-ი ექსპორტზე გადის, ძირითადად აშშ-ში. პროდუქცია ასევე ევროკავშირის ქვეყნებსა და დიდ ბრიტანეთში იყიდება. აქაც მნიშვნელოვანი წვლილი USAID-ის იყო. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ კომპანიას არატრადიციულ ბაზრებზე დამკვიდრებასა და ცნობადობის გაზრდაში დახმარება გაუწია.
“ახლახან USAID-ის დახმარებით ჩვენს საწარმოში ბრიტანელი და გერმანელი ჟურნალისტების ვიზიტი განხორციელდა. ისინი თავიდან ბოლომდე გაეცნენ წარმოების პროცესს. მხარდაჭერა ისეთი ორგანიზაციის მხრიდან, როგორიც USAID-ია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, მათი დახმარებით თითქმის ყველა საერთაშორისო გამოფენაზე ვიყავით და თითოეული მათგანზე რამდენიმე კონტაქტი მოვიძიეთ”, – განაცხადა სოსო მანჯავიძემ.
“კეთილი და პატიოსანის” რვა დასახელების დასალევი ხილ-ბოსტნეული აშშ-ში Kind&Noble-ის სახელით უმსხვილეს სავაჭრო ქსელებში, მათ შორის SopWrite-ში იყიდება. როგორც ამბობენ, პროდუქციის ხარისხმა ყველა მოთხოვნა მარტივად დააკმაყოფილა და მაღალმსყიდველუნარიან ბაზარზე თავის დამკვიდრებაში ბიუროკრატიულ ბარიერებს ხელი არ შეუშლია. აშშ-ის ბაზრის ათვისების შემდეგ ორიენტირი პროდუქციის სხვა კონტინენტებისთვის გაცნობაა. მიზნის მისაღწევ გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადადგეს და ქართული დასალევი ხილ-ბოსტნეული სულ მალე “ამაზონზე” გაიყიდება.
” “ამაზონზე” შესვლის იდეა აშშ-ში გაჩნდა, სადაც ამ მიმართულებით ჩვენმა პარტნიორმა ძალიან აქტიურად იმუშავა. მათგან თანხმობა უკვე მიღებული გვაქვს და ახლა ჩვენგან პროდუქციის უფრო დაწვრილებით დახასიათებას ელოდებიან. დოკუმენტებს უკვე ვამზადებთ და ძალიან მალე ჩვენი პროდუქტი “ამაზონზე” გამოჩნდება”, – აღნიშნავს “ქართული აგროპროდუქტის” მმართველი პარტნიორი.
“ქართული აგროპროდუქტის” მიერ წარმოებულ პროდუქციაზე მზარდი მოთხოვნის კვალდაკვალ კომპანია ახალი მიმართულებების დამატებასა და ასორტიმენტის გამრავალფეროვნებას განაგრძობს. სულ რამდენიმე კვირის წინ ახალი საწარმო ხაზი აამოქმედეს და “პოპორელის” სახელწოდებით სოუსების წარმოება დაიწყეს. მივიწყებული ქართული რეცეპტებით შექმნილი შვიდი სხვადასხვა დასახელების სოუსი სექტემბრიდან ქართულ სუპერმარკეტებში გამოჩნდება, წლის ბოლომდე კი ძალებს ექსპორტზეც მოსინჯავს.
“ნიმუშები ყველა იმ საექსპორტო ბაზარზე გავგზავნეთ, სადაც გასულები ვართ, მოთხოვნაც უკვე არის. ვფიქრობთ, პირველი პარტიები ე.წ. “დამიქსული” ფორმით გაიგზავნება, ეს იქნება სოუსები, დასალევი ხილ-ბოსტნეული და ასევე “მაიმოს’ ბრენდის ქვეშ წარმოებული გამაგრილებელი ცივი ჩაი და ნექტარი”, – ამბობს მანჯავიძე.
როგორც “ქართული აგროპროდუქტის” წარმომადგენლები ამბობენ, განვითარების პროცესში მათ მიერ გადადგმული თითოეული ნაბიჯი უპირველესად საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნაზე პასუხია. ბაზარი ახლა ბიოპროდუქციას ითხოვს, ეს კი კომპანიას ახალ მიზანს უსახავს. მომავალი წლიდან საკუთარი ბაღების გაშენება და ხილის ორგანული მეთოდით მოყვანა უნდა დაიწყონ.
“დასალევი ხილ-ბოსტნეული, სოუსები თუ ნებისმიერი სხვა პროდუქტი გვინდა, რომ ბიოსერტიფიცირებული იყოს. როდესაც ეს გავაჟღერე საექსპორტო ბაზრებზე დაინტერესება გაათმაგდა და გვითხრეს, რომ თუ ამას გავაკეთებთ რეალიზაციის მაჩვენებელი 2-3-ჯერ გაიზრდება. ფასიც, ბუნებრივია, უფრო მაღალი იქნება”, – განაცხადა “ქართული აგროპროდუქტის” დამფუძნებელმა, სოსო მანჯავიძემ.